ლაზერული პრინტერის მუშაობის პრინციპი

ლაზერული პრინტერი რთული ელექტრო-მექანიკური მოწყობილობაა და შედგება ასეულობით დეტალისა და 5-10 ძირითადი კვანძისგან. დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალი შეიძლება გახდეს მთელი პრინტერის წყობიდან გამოსვლის მიზეზი, შესაბამისად აუცილებელია მომხმარებელმა დაიცვას ექსპლუატაციის წესები

ლაზერული პრინტერის მრავალი დეტალი განიცდის მუდმივ მექანიკურ ზემოქმედებას. შესაბამისად ეს დეტალები სხვა დეტალებზე ადრე გამოდიან მწყობრიდან.

გარდა მექნიკური ზემოქმედებისა, მრავალი დეტალი იმტვერება ტონერის ფხვნილითაც.

ე.წ. ”სამუხრუჭე მოედანი”

სამუხრუჭე მოედანი ფურცლის ატაცების კვანძის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. აღნიშნული დეტალის დანიშნულებაა ფურცლების დასტიდან გამოყოს და აიტაცოს ზედა მხარეს მოთავსებული ერთი ფურცელი.

ამ დეტალის სამუშაო ზედაპირი დამზადებულია სპეციალური მასალისგან - პოლიურეტანისგან, რომელიც წარმოადგენს მყარ რეზინას ხაოიანი ზედაპირით, რაც ფურცელს საშუალებას არ აძლევს ჩამოსრიალდეს სამუხრუჭე მოედნიდან ფურცლის ატაცებისას.

დროთა განმავლობაში რეზინი იცვითება და კარგავს თვისებებს, ზედაპირი ხდება პრიალა და შესაბამისად ერთის მაგივრად ხდება რამდენიმე ფურცლის ერთად ატაცება.

ფურცლის ატაცების ლილვი (Pick up Roller)

წარმოადგენს ფურცლის ატაცების კვანძის ძირითად დეტალს. აღნიშნული დეტალის დანიშნულებაა სამუხრუჭე მოედანთან ერთად ფურცლების დასტიდან აიტაცოს ერთი ფურცელი და გააგზავნოს იგი შემდგომი ბეჭდვისთვის.

აღნიშნული დეტალი დამზადებულია ხაოიანი რეზინისგან, რომელიც გადაკრულია პლასტმასის კარკასზე. დროთა განმავლობაში ან უხარისხო ქაღალდის გამოყენებისას რეზინი კარგავს თვისებებს და ლილვს აღარ შეუძლია ქაღალდის ატაცება.

ფურცლის ატაცების ლილვი მნიშვნელოვნად მოქმედებს ქაღალდის ორიენტაციაზე, რადგან გაცვეთილი დეტალი იწვევს ქაღალდის გადახრებს, ეს კი თავის მხრივ იწვევს იმას რომ გამოსახულება ქაღალდზე იბეჭდება გვერდულად, ბევრ შემთხვევაში კი არასწორად ატაცებული ქაღალდი ადვილად იჭედება პრინტერში. 

გამოსახულების ფურცელზე გადატანის ლილვი (Transfer Roller)

აღნიშნული დეტალი პასუხისმგებელია კარტრიჯის ფოტომგძნობიარე ლილვზე დატანილი გამოსახულების ქაღალდზე გადატანაზე.

ერთის მხრივ ქაღალდი ებჯინება ფოტომგძნობიარე ლილვს, რომელზეც უკვე დატანილია მომავალი გამოსახულება, ხოლო მეორე მხრივ გამოსახულების ფურცელზე გადატანის ლილვს, რომელსაც გააჩნია დადებითი მუხტი და შესაბამისად დრამზე უარყოფითად დამუხტული ფხვნილის ნაწილაკები გადააქვს ქაღალდზე.

ლილვი დამზადებულია ფოროვანი რეზინისგან, რომელიც ფარავს მეტალის ღერძს. აღნიშნული დეტალი მოთასებულია ადვილად მისაწვდომ ადგილას, აქვს უშუალო კონტაქტი კარტრიჯთან და შესბამისად ყველაზე მეტად განიცდის ტონერის ფხვნილის ზემოქმედებას. აღნიშნული ლილვის ტონერით დაჭუჭყიანება კი იწვევს ქაღალდის უკანა ზედაპირის დასვრას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში იწვევს ტექსტის დამახინჯებას.

მიბჯენის ლილვი (Pressure Roller)

მოცემული დეტალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამოსახულების საბოლოო ფორმირებაში. მისი ფუნქციაა ქაღალდი, რომელზეც უკვე დატანილია მომავალი გამოსახულება, მჭიდროდ მიაბჯინოს სითბურ ელემენტს ტონერის საბოლოო გამოშრობისთვის.

მიბჯენის ლილვი დამზადებულია გლუვი, თერმომედეგი რეზინისგან. მისი დამზადების ხარისხზე დიდადაა დამოკიდებული დოკუმენტის საბოლოო ხარისხიც. ნებისმიერ ჩაზნექილობას ან ზედაპირის სიგლუვის დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს ბეჭდვის დეფექტები, რადგან ქაღალდი მჭირდოდ ვეღარ მიებჯინება თერმოელემენტს, შესაბამისად მოცემულ ადგილებზე ვეღარ მოხდება ტონერის ბოლომდე გამოშრობა და მისი საბოლოო დამაგრება ქაღალდზე. გარდა ამისა დაზიანებული ლილვი იწვევს დამატებით დატვირთვას თერმოფირზე, რაც თავის მხრივ ხდება ამ უკანასკნელის დროზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი.

აღნიშნული ლილვის სუსტ წერტილს ასევე წარმოადგენს ლილვის გარსაცმები, რომელბიც დროთა განმავლობაში იცვითება და ვეღარ უზრუნველყოფს ლილვის მჭიდრო მიბჯენას თერმოფირზე. აღნიშნული პრობლემა ყველაზე ხშირად გავრცელებულია მაღალი წარმადობის პრინტერებში. 

თერმოფირი (Fuser Film Sleeve)

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ლაზერულ პრინტერში. თერმოფირი თერმოელემენტთან და სხვა დეტალებთან ერთად სითბური ზემოქმედებით ამაგრებს ტონერს ქაღალდზე. თერმოფირი მზადდება მყარი, თერმომედეგი პლასტმასისგან და აქვს ცილინდრის ფორმა. გაცხელების მომენტში თერმოელემენტის ტემპერატურა 180-220 °C-ს აღწევს, შესაბამისად თერმოფირისადმი მოთხოვნები საკმაოდ მაღალია.

თერმოფირი ძალზედ მგძნობიარეა წვეტიანი და მჭრელ ზედაპირიანი ნივთების მიმართ. სკრეპების, სტეპლერის ტყვიების თუ სხვა გარეშე ნივთების მოხვედრა პრინტერში ქაღალდთან ერთად პირველ რიგში იწვევს თერმოფირის, ამ ძვირადღირებული ელემენტის მწყობრიდან გამოსვლას.