ლაზერული კარტრიჯი და მისი მუშაობის პრინციპი

ლაზერული კარტრიჯი რთული მექანიკური მოწყობილობაა, რომელიც ათეულობით დეტალისგან შედგება. კარტრიჯში შეიძლება გამოვყოთ 3 ძირითადი ნაწილი:

  1. ტონერი;
  2. კორპუსი;
  3. გამოსახულების ფორმირებაში მონაწილე ელემენტები.

მუშაობის პროცესში კარტრიჯის დეტალები განიცდიან მუდმივ მექანიკურ ზემოქმედებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მათ ცვეთას და მწყობრიდან გამოსვლას. ქვემოთ განვიხილავთ იმ ძირითად დეტალებს, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ცვეთას და ყველაზე ხშირად გამოდიან მწყობრიდან.


ფოტომგრძნობიარე ლილვი (დრამი) – OPC, Organic Photo Conductor
 
 
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ლაზერულ კარტრიჯში. დრამი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტექნოლოგიურ ელემენტს ლაზერულ კარტრიჯში და შესაბამისად ყველაზე ძვირადღირებულ ელემენტსაც. იგი ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ბეჭდვის ხარისხზე.

ფოტომგრძნობიარე ლილვი წარმოადგენს ალუმინის ცილინდრს, რომელიც დაფარულია სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის შრეებით. ალუმინი შემთხვევით არ არის შერჩეული როგორც დრამის ძირითადი ნაწილი, იგი მჩატეა და ამავდროულად კარგად ატარებს ელექტრობას.

ფოტომგრძნობიარე ლილვის მსხვილ მწარმოებლებს მსოფლიოში წარმოადგენენ კომპანიები Fuji Electric და Static Control Components (SCC), დრამებს ასევე აწარმოებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Mitsubishi, Hanp, Katun, Samsung, AEG.

ალუმინის ლილვი დაფარული შემდეგი შრეებით:

 

  • ძირითადი შრე - პირველი შრე ცილინდრზე, რომელიც დატანილია ალუმინის მცირე დეფექტების შესავსებად და ქმნის საფუძველს სხვა შრეების დატანისათვის;
  • მუხტის გენერირების შრე - მეორე შრე, რომლის სისქეც შეადგენს საშუალოდ 0,1მკმ, გამოიყენება მუხტის გენერაციისთვის. აღნიშნული შრე მუშაობს როგორც ფოტოდიოდი და ხდება გამტარი ერთი მიმრთულებით ლაზერული სხივის ზემოქმედების ქვეშ;
  • სატრანსპორტო (ფოტო) შრე - მესამე და ძირითადი შრე. მისი სისქე შეადგენს 30მკმ. სწორედ აღნიშნული შრე იჭერს იმ მუხტს, რომელიც ლილვს გადაეცემა დამმუხტავი ლილვისგან და კოროტრონისგან. მოცემული შრე განიცდის ყველაზე მეტ ცვეთას და მისი დაზიანება ან ცვეთა იწვევს ბეჭდვის დეფექტებს.


ფოტომგრძნობიარე ლილვის ფოტო შრე ძალზე მგძნობიარეა მექნიკური დაზიანებების მიმართ. უხარისხო ან ჭუჭყიანი ფურცელიც კი შეიძლება გახდეს მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, სწორედ ამ მიზეზის გამო კარტრიჯი ყოველთვის უნდა შეინახოთ თავის შეფუთვაში.ყველა დრამის მუშაობის პრინციპი ძირითადად ერთნაირია. ლაზერის სხივი ფოკუსირდება რა დრამზე, ასხივებს იმ ადგილებს სადაც შემდგომში მაგნიტური ლილვი გადაიტანს ტონერს. ამის შემდგომ დატანილი გამოსახულება გადადის ფურცელზე გამოსახულების ფურცელზე გადატანის ლილვის საშუალებით (თუკი ბეჭდვის მომენტში თქვენ გახსნით პრინტერს და ამოიღებთ კარტრიჯს, დრამზე დაინახავთ ფურცელზე გადასატან გამოსახულებას).

იმის გამო, რომ გახსნილ კარტრიჯზე დრამის დამცავი პლასტმასის საფარი ადვილად იხსნება, ხოლო რიგ კარტრიჯებში კი ასეთი დამცავი საფარი კონსტრუქციით საერთოდ არ არის გათვალისწინებული (მაგ. სამსუნგის კარტრიჯებში), ტრანსპორტირებისას ძალზე ადვილია დრამის ზედაპირის დაზიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე ყოველთვის ეცადეთ არ ჩაყაროთ გამოყენებული კარტრიჯები ერთად პარკში ან სხვა არამყარ შეფუთვაში, მსგავსი ქმედებით თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯებს დრამის იძულებით გამოცვლასთან დაკავშირებით.

როგორც წესი დაბალი წარმადობის კარტრიჯებში (2000 -2500 ნაბეჭდი გვერდი), დრამი უძლებს 2-3 აღდგენის ციკლს, თუმცაღა აღნიშნული პერიოდულობა დიდად არის დამოკიდებული მომხმარებელზე. დრამის რეკომენდირებულზე (2-3 აღდგენის ციკლი) ადრე გამოცვლის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • დაბალი ხარისხის ქაღალდის ხმარება;
  • თუ მომხმარებელი არ იცავს პრინტერის მწარმოებლის რეკომენდაციებს და აჭარბებს ნაბეჭდი ფურცლების რეკომენდირებულ საშუალო თვიურ რაოდენობას;
  • დიდი რაოდენობით ისეთი გამოსახულების ბეჭდვა, რომელსაც უჭირავს ფურცლის ძალზე მცირე ნაწილი (მაგალითად სატიტულო ფურცლები), რადგან ამ შემთხვევაში კარტრიჯი ატარებს უფრო მეტ ქაღალდს (იბეჭდება ძალზედ მცირე რაოდენობის გამოსახულება და შესაბამისად იხარჯება ნაკლები ტონერი) მაგრამ დრამი ტონერის სრულ დახარჯვამდე აკეთებს უფრო მეტ ბრუნს, ვიდრე ფურცლის ნაბეჭდით სრულად დაფარვის შემთხვევაში.

რაც შეეხება მაღალი წარმადობის კარტრიჯებს (ნაბეჭდი ფურცლების საშ. რაოდენობა 8 000 და ზევით), მათი აღდგენისას მაღალი ხარისხის ნაბეჭდის მისაღებად რეკომენდირებულია დრამის გამოცვლა ყოველი აღდგენის ეტაპზე. შესაძლებელია აღდგენისას დრამი ჯერ კიდევ ინარჩუნებდეს თვისებებს და ნაბეჭდიც შეესაბამებოდეს მისაღებ ხარისხს, მაგრამ იმის გამო რომ აღნიშნული დრამს უკვე დაბეჭდილი აქვს დიდი რაოდენობის ფურცელი, ადვილად შესაძლებელია რომ იგი მწყობრიდან გამოვიდეს საციცოცხლო ციკლის დასრულებამდე (8 000 -ის ნაცვლად დაბეჭდოს 3-4 ათასი).

დამმუხტავი ლილვი (PCR – Primary Charge Roller)



მაგნიტური ლილვი დოზირების დანასთან ერთად მუხტავს ტონერს უარყოფითი მუხტით და გადააქვს იგი ფოტომგრძნობიარე ლილვზე.დამმუხტავი ლილვი წარმოადგენს მეტალის ლილვს, რომელიც დაფარულია რეზინის გარსით. აღნიშნული დეტალის დანიშნულებაა დრამის დამუხტვა უარყოფითი მუხტით. რიგ კარტრიჯებში დამმუხტავი ლილვი ასევე ასრულებს გამწმენდი ლილვის როლსაც - წმინდავს დრამს ტონერის ნარჩენებისა და ქაღალდის მტვრისგან. დამმუხტავი ლილვს ასევე გააჩნია მეორე ფუნქციაც - აცილებს დრამს წინა დამუხტვისგან დარჩენილ მუხტს.
დამმუხტავი ლილვი როგორც წესი დიდხანს ემსახურება კარტრიჯს, თუკი კარტრიჯის ყოველი აღდგენისას ხდება მისი კარგად გაწმენდა ქაღალდისა და ტონერის ნარჩენი მტვრისაგან. 

მაგნიტური ლილვი (Mag. Roller)


მაგნიტურ ლილვს გააჩნია სხვადასხვა კონსტრუქცია. მაგალითისთვის HP და Canon-ის კარტრიჯებში მაგნიტური ლილვი წარმოადგენს რთულ მოწყობილობას, რომელიც შედგება დამაგნიტებული გულთავსისგან, რომელიც მოთავსებულია ალუმინის ცილინდრში, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ დაფარულია სპეციალური შრით. Samsung-ის კარტრიჯებში კი მაგნიტური ლილვი დამზადებულია მაღალხარისხოვანი რეზინისგან. 

მაგნიტური ლილვი წარმოადგენს კარტრიჯის მნიშვნელოვან დეტალს და დიდ გავლენას ახდენს ბეჭდვის ხარისხზე და გამოსახულების ფორმირებაზე. გამოყენებული ტონერის ხარისხი უდიდეს გავლენას ახდენს აღნიშნული დეტალის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ძირითად დაზიანებებს მიეკუთვნება ხაზები და ჭუჭყი ლილვის გარსზე. 
 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ლილვების გაწმენდა სპირტით ან სხვა ალკოჰოლის შემცველი სითხით, ასევე ხელით მათ ზედაპირზე შეხება, რადგან ხელზე არსებული ცხიმი რჩება ლილვის ზედაპირზე და იწვევს ბეჭდვის დეფექტებს. ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები შეიძლება გაიწმინდოს მხოლოდ ჰაერის ჭავლით ან სპეციალური ნაჭრით.

დოზირების დანა (Doctor Blade)



დოზირების დანა არეგულირებს ტონერის რაოდენობას, რომელიც დაიტანება მაგნიტურ ლილვზე. მას შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული კონსტრუქცია და შეიძლება დამზადებული იყოს სხვადასხვა მასალისგან - პოლირეტანისგან (Canon, HP) ან მეტალისგან (Samsung, Brother) და ა.შ.


ტონერის მაგნიტურ ლილვზე თანაბარი განაწილებისთვის დოზირების დანის ზედაპირი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და არ უნდა გააჩნდეს დეფექტები.დაზიანებული დანა ვერ უზრუნველყოფს ფხვნილის თანაბარ განაწილებას, რაც იწვევს ბეჭდვის ხარისხის გაუარესებას და ზრდის ფხვნილის ხარჯს.

Canon-სა და HP-ს კარტრიჯებში დოზირების დანა ნაკლებად იცვითება და გამოდის მწყობრიდან მხოლოდ ცუდი ხარისხის ტონერის გამოყენების შემთხვევაში. Samsung-ის თითქმის ყველა კარტრიჯში კი დოზირების დანა განიცდის მნიშვნელოვან ცვეთას და შესაბამისად მოითხოვს რეგულარულ შეცვლას. 

მექანიკური ზემოქმედების გარდა დოზირების დანა ასევე ჭუჭყიანდება ტონერის ფხვნილისგან, შესაბამისად ყოველი აღდგენისას დანა მოითხოვს გაწმენდას.


გამწმენდი დანა (რაკელი) – (Wiper Blade)

რაკელი - ეს არის სპეციალური პლასტინა, რომლის დანიშნულებაა ფოტომგრძნობიარე ლილვიდან ნარჩენი ტონერის მოცილება. გამწმენდი დანის პირი დამზადებულია ელასტიური და მყარი პოლიურეტანისგან. დანა მჭიდროდ უნდა ეკვროდეს დრამს და ამავდროულად არ უნდა დააზიანოს მისი ზედაპირი.

კარტრიჯის ნორმალური მუშაობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია რაკელის ზედაპირის ხარისხი, კუთხეების სიზუსტე და სისქე. ყველა კარტრიჯის გამწმენდი დანა განსხვავდება ერთმანეთისგან სისქით და ვიზუალურად მათი განსხვავება შეუძლებელია, შესაბამისად მხოლოდ ვიზუალური მსგავსება არ შეიძლება გახდეს მათი ურთიერთშეცვლის საფუძველი.

რაკელის ხარისხსა და მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დრამის სიცოცხლის ხანგრძლივობა. როგორც წესი ფოტომგრძნობიარე ლილვის ყოველი გამოცვლისას რეკომენდირებულია ასევე გამწმენდი დანის გამოცვლაც. ცვეთის თვალსაზრისით გამწმენდი დანა მეორე ადგილზეა ფოტომგრძნობიარე ლილვის შემდეგ.

უნდა აღინიშნოს რომ ე.წ. უნარჩენო კარტრიჯებში (Samsung, Xerox და ა.შ.) რაკელი როგორც ასეთი არ არსებობს. ნარჩენ ფხვნილს დრამიდან აგროვებს დამმუხტავი ლილვი, რომელსაც თავის მხრივ ასუფთავებს მტვრის შესაგროვებელი ჯაგრისი. მსგავს კარტრიჯებში როგორც წესი დრამზე დარჩენილი ფხვნილის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ იგი ადვილად ეტევა ჯაგრისის ფეხებს შორის.